შესავალი

კომპოზიტირების კვანძები საშუალებას გაძლევს, გამოსახულება (ან ვიდეო) ააწყო და გააუმჯობესო. კომპოზიტირების კვანძების გამოყენებით შეგიძლია, გადაღებული კადრების ორი სხვადასხვა წყება ერთმანეთს მიაკრა და მთელი თანამიმდევრობა ერთდროულად გააფერადო. შეგიძლია, ცალკეული გამოსახულების, ან მთლიანი ვიდეო კლიპის ფერები სტატიკურად, ან დინამიკურად და დროში ცვალებადობით (კლიპის მიმდინარეობის განმავლობაში) გააუმჯობესო. ამგვარად კომპოზიტირების კვანძებს ვიდეო კლიპების ასაწყობადაც იყენებ და გასაუმჯობესებლადაც.

ნოტი

ტერმინი: გამოსახულება (Image)

ტერმინი გამოსახულება შეიძლება, განცალკევებულ სურათს , გამოსახულებათა დანომრილ თანამიმდევრობაში არსებულ სურათს, ან ვიდეო კლიპის კადრს ნიშნავდეს. კომპოზიტორი, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის შენატანს მიაწვდი, გამოსახულებებს თითო-თითოდ ამუშავებს.

იმისათვის, რომ შენი გამოსახულება დაამუშავო, გამოსახულების ბლენდერში დასაიმპორტირებლად, შესაცვლელად, სურვილის შემთხვევაში სხვა გამოსახულებებთან შესარწყმელად და, ბოლოს, შესანახად კვანძებს იყენებ.

../_images/compositing_types_distort_map-uv_example-2.png

კომპოზიციის მაგალითი.

../_images/compositing_types_color_hue-saturation_example.jpg

ფერის კორექტირების მაგალითი.

დაწყება

კომპოზიტირების დასაწყებად კომპოზიტორი გახსენი და ახალი კვანძოვანი ხის შესაქმნელად კოლონტიტულში ახალ ღილაკს დააჭირე. ეს სცენაში კომპოზიტირების კვანძოვანი ხის მონაცემთა ბლოკს ამატებს, რომელიც შემდეგ შეიძლება, სხვადასხვა სცენებში იქნას გამოყენებული, ან სხვა blend-ფაილებიდან დაკავშირებული/დართული.

მნიშვნელოვანი

იმისათვის, რომ სარენდერო ძრავამ კომპოზიტირების კვანძოვანი ხე გამოიყენოს (ან კომპოზიტირება გათიშოს), გამონატანის თანამდევი დამუშავების თვისებებში კომპოზიტირების ფაიფლაინის ვარიანტი უნდა იყოს ჩართული.

მას შემდეგ, რაც კვანძოვანი ხე შეიქმნება, პირველ საბაზისო ანაწყობს იხილავ. აქედან შეგიძლია, კვანძების გრაფიკში ბევრი სხვადასხვანაირი დამაკომპოზიტირებელი კვანძი დაამატო, რათა სხვადასხვა ეფექტები შექმნა, იქნება ეს ფერის მარტივი შესწორება, თუ კომპლექსური კომპოზიტები.

ნოტი

კვანძებთან სამუშაოდ საჭირო კონცეფციები და სამართავები კვანძების გვერდზეა აღწერილი.

მაგალითები

კვანძების მეშვეობით შეგიძლია, გამოსახულებას, რაც გინდა, ის უქნა.

ლურჯი ეკრანის წინ მოქმედი პირის, ან რაიმე პროცესში მონაწილე ობიექტის დაუმუშავებელი კადრები შეიძლება, ფონის ზედა შრე(ებ)ზე დალაგდეს. ერთად თუ დააკომპოზიტირებ, მიიღებ დაკომპოზიტირებულ კადრებს.

შეგიძლია გამოსახულების ხასიათი შეცვალო:

  • გამოსახულება უფრო 'ცივად' რომ აღიქმებოდეს, მოლურჯო შეფერილობა ემატება.

  • მოგონებების გადმოსაცემად შეიძლება, გამოსახულება შერბილდეს.

  • სიძულვილის, ან გაღიზიანების გადმოსაცემად მოწითალო შეფერილობა დაამატე, ან სიწითლე გამოკვეთე.

  • შემაცბუნებელი მოვლენა შეიძლება, გამკვეთრდეს და კონტრასტული გახდეს.

  • ბედნიერების შეგრძნებისთვის ყვითელი დაამატე (სიწითლისა და სიმწვანის თანაბარი რაოდენობა, სილურჯის გარეშე).

  • ხშირად, გამოსახულებას რეალიზმის მისანიჭებლად მტვერსა და ჰაერის დაბინძურებას ამატებენ ღრუბლოვანი ტექსტურის სახით.

კომპოზიტი გამოსახულების შენახვა

რენდერის ღილაკი ერთ კადრს, ან გამოსახულებას არენდერებს. გამოსახულების შესანახად გამოიყენე გამოსახულების შენახვა. გამოსახულება შენახულ იქნება რენდერის პანელში არსებული გამოსახულების ფორმატის ანაწყობთა მეშვეობით.

გამოსახულებათა თანამიმდევრობის შესანახად, მაგალითისთვის, თუ ვიდეო კლიპი შეიტანე, ან დროის კვანძი გამოიყენე, სადაც თითოეული კადრი თავის საკუთარ ფაილშია ჩადებული, მაშინ გამოიყენე ანიმაციის ღილაკი და მისი ანაწყობები. თუ შესაძლებელია, რომ მოგვიანებით მათი ერთმანეთზე დადება მოგინდეს, გამოსახულებათა ისეთი ფორმატი გამოიყენე, რომელსაც ალფა არხის მხარდაჭერა აქვს (მაგალითად, PNG). თუ შესაძლოა, მოგვიანებით მათი წინიდან უკან დალაგება, ან სიმკვეთრის სიღრმის ეფექტის შექმნა დაგჭირდეს, ისეთი ფორმატი გამოიყენე, რომელსაც Z-სიღრმის არხის მხარდაჭერა აქვს (მაგალითად, EXR).

იმისათვის, რომ კომპოზიცია ვიდეო კლიპში შეინახო (ყველა კადრი ერთ ფაილში), გამოიყენე AVI, ან QuickTime ფორმატი და ანიმაციის ღილაკი თავისი ანაწყობებით.