ბლენდერის ისტორია¶
დასაწყისი¶
ბლენდერი შექმნა ტონ როზენდალმა, ნიდერლანდელმა მხატვრულმა პროდიუსერმა და პროგრამების თვითნასწავლმა დეველოპერმა. როზენდალმა, რომელსაც იზიდავდა ყველაფერი ტექნიკური და შემოქმედებითი, უმაღლესი განათლების მიღება ინდუსტრიულ დიზაინში დაიწყო, მაგრამ შემდეგ სწავლა მიატოვა, რათა საკუთარი 3D ანიმაციის სტუდია - NeoGeo - დაეარსებინა, 1989 წელს (იმავე სახელის მქონე ვიდეო თამაშების კონსოლი ერთი წლის შემდეგ გამოვიდა). NeoGeo, რომელიც თავდაპირველად როზენდალის სხვენში დაფუძნდა, სწრაფად გაიზარდა, ჯილდოები მიიღო და ნიდერლანდებში თავისი ტიპის უდიდეს კომპანიად იქცა.
1994 წლის 2 იანვარს, რომელიც დღემდე ბლენდერის ოფიციალურ დაბადების დღედ ითვლება, როზენდალმა დაწერა პირველი წყაროს ფაილები სათაურით "Blender". თავდაპირველად ბლენდერი დაგეგმილი იყო, როგორც NeoGeo-ს შინაგანი აპლიკაცია; იგი მანამდე არსებული ინსტრუმენტებისგან წამოვიდა, მათ შორის Amiga-სთვის აწყობილი სხივების მიმდევნებლისგან. ბლენდერი განზრახული იყო შემოქმედ თანამშრომელთა შორის მუდმივი თავის ტკივილის აღმოსაფხვრელად: როცა რთული კლიენტი პროექტში მრავალი ცვლილების შეტანას მოითხოვს, როგორ შეიძლება ამ ცვლილებების უმტკივნეულო იმპლემენტაცია? ბლენდერი კონფიგურირებადი მიდგომის წყალობით ამ კითხვაზე პასუხის პოვნას ისახავდა მიზნად. (მცირე გადახვევა: სახელწოდება შვეიცარიული ელექტრონული ჯგუფის, Yello-ს ერთერთი სიმღერიდან მოდის).
როზენდალმა თავისი დანაზოგით Silicon Graphics-ის სამუშაო სადგური შეიძინა. ამ კომპიუტერის წყალობით, რომელიც ოცდაათი ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი დაჯდა, 1995 წლის იანვარში ბლენდერ 1.0 გამოვიდა, ბლენდერის ეს პირველი იტერაცია ანხორციელებდა იმ დროისთვის ინოვაციურ იდეებს, მათ შორის იყო ცალი სამუშაო ფანჯარა, რომელიც მომხმარებლის სურვილის მიხედვით იყოფოდა.
მაშინ 3D კომერციული თვალსაზრისით უინტერესოდ ითვლებოდა. თუმცა როზენდალს გულით უყვარდა პროცესი, რომელსაც აღწერდა, როგორც "კომპიუტერში მთელი ქვეყნიერების შექმნის ჯადოსნურ უნარს". ასე რომ, როცა NeoGeo დაიხურა, მან და მისმა პარტნიორმა ფრენკ ვან ბეკმა დააარსეს ახალი კომპანია, რომელიც ბლენდერის დეველოპმენტისა და მარკეტინგის გაგრძელებას ემსახურებოდა. Not a Number-მა (NaN-მა) თავისი კარები პირველად 1998 წლის ივნისში გააღო და ბლენდერის დისტრიბუცია ე.წ. ფრიმიუმ პრინციპით დაიწყო: პროგრამის ჩამოტვირთვა უფასო იყო, ხოლო NaN ყიდდა უფრო გაფართოებული მახასიათებლების გასაღებებს.
ბლენდერი ღია საწყისი კოდისა ხდება¶
ამ ბიზნეს მოდელის წყალობით NaN-მა შეძლო ლოს ანჯელესში, კომპიუტერული გრაფიკის ცნობილ კონფერენციაზე - SIGGRAPH-ზე (Special Interest Group on Computer Graphics and Interactive Techniques - "სპეციალური ინტერესის ჯგუფი კომპიუტერულ გრაფიკასა და ინტერაქტიულ ტექნიკებზე") ჯიხურის დაფინანსება. შედეგად ბლენდერმა მოიზიდა დაფინანსების ორი რაუნდი, რამაც ჯამში დაახლოებით ხუთ მილიონნახევარი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამ ინვესტიციის მიუხედავად, მკაცრი ეკონომიკური კლიმატის, გადამეტებული ხარჯისა და NaN-სა და მის ინვესტორებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო კომპანია ადრეულ 2002 წელს დაიხურა.
NaN-ის აღსასრულის შემდეგ ბლენდერის დეველოპმენტი შეწყდა. როზენდალმა, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, NaN-ის დამფინანსებლებისგან უფლებები გამოესყიდა, ახალ გეგმას მიმართა. 2002 წლის მაისში მან დააარსა ახალი არაკომერციული ორგანიზაცია - Blender Foundation, რომელიც მიზნად ისახავდა, ბლენდერი ღია წყაროს პროგრამად ექცია. ის იმედოვნებდა, რომ შექმნიდა ბლენდერის საჯარო მონუმენტს და ყველას, ვინც ბლენდერის პროექტზე მუშაობდა, შანსს მისცემდა, პროგრამა თავიანთი პორტფოლიოებისთვის გამოეყენებინათ. იმავე წლის ივლისში მან კოლექტიური დაფინანსების პირველი კამპანია წამოიწყო: Free Blender (ითარგმნება, როგორც "უფასო ბლენდერი", "თავისუფალი ბლენდერი", ან "გაათავისუფლე ბლენდერი"). ბლენდერის 250 000 მომხმარებლიანი საზოგადოების წყალობით Blender Foundation-მა სულ რაღაც შვიდ კვირაში ას ათი ათასი ევროს შეგროვება მოახერხა, რაც სრულებით საკმარისი იყო ინვესტორებისგან ბლენდერის გამოსასყიდად.
კვირას, 2002 წლის 13 ოქტომბერს ბლენდერი GNU GPL-ის (ლიცენზია თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფისათვის) პირობებით გამოუშვეს, ღია წყაროს უმკაცრესი შესაძლო კონტრაქტით. ბლენდერი არა მხოლოდ უფასო გახდა, არამედ მისი წყაროს კოდიც სამუდამოდ და ნებისმიერი დანიშნულებისთვის უფასო და თავისუფალი იქნებოდა.
Free Blender-ის წარმატებამ გზა გაუხსნა დეველოპმენტის იმ სტილს, რომელიც ბლენდერის სიმტკიცის განმაპირობებელი გახდა. მართალია, ბლენდერის ევოლუციას ნაწილობრივ გრანტებით დაფინანსებული დეველოპერები ამოძრავებენ და პროცესს ამსტერდამში მდებარე Blender Foundation-ის ძირითადი გუნდი მიმართავს, მაგრამ მისი უდიდესი უპირატესობა ერთგული მოხალისეების გლობალური საზოგადოებაა. მათი ძალისხმევის წყალობით ბლენდერს გამალებული იტერაცია, და ხელოვანებისა და მწარმოებლების საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლია. ტრადიციული ბიზნეს მოდელის მარწუხებში ეს სისწრაფე და კრეატიულობა ბევრად უფრო რთული მისაღწევი იქნებოდა.
ბლენდერი ღია წყაროს ფილმებს აკეთებს¶
ბლენდერის მზარდი შესაძლებლობების ინტენსიურად დასატესტად Blender Foundation-მა გამოიწვია თავისი საზოგადოების უნიჭიერესი ხელოვანები, რათა შეექმნათ მოკლე მეტრაჟიანი ანიმაციური 3D ფილმი. ერთადერთი კრიტერიუმი იყო, რომ მათ ღია წყაროს ინსტრუმენტები უნდა გამოეყენებინათ, მათ შორის უმთავრესად ბლენდერი.
ეს პროექტი კოდური სახელწოდებით პროექტი "ფორთოხალი" ("Project Orange") 2005 წელს დაიწყო, შედეგად შეიქმნა "სპილოების სიზმარი" (Elephants Dream) - სიურრეალისტური თავგადასავალი გიგანტურ მანქანაში. ფილმი და მისი ყველა აქტივი უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა შემოქმედებითი ნამუშევრების ლიცენზიის პირობებით.
სპილოების სიზმრის წარმატების შემდეგ, 2007 წლის ზაფხულში ბლენდერის ინსტიტუტი (Blender Institute) დაარსდა. ბლენდერის ინსტიტუტი, გარდა იმისა, რომ Blender Foundation-ს მიზნების განსაზღვრაში ეხმარებოდა, ასევე წარმოადგენდა პერმანენტულ ოფისსა და სტუდიას, მკაფიოდ გამოხატული განზრახვით, შეექმნა 3D ფილმებთან, თამაშებთან და ვიზუალურ ეფექტებთან დაკავშირებული ღია პროექტები. ბლენდერის ინსტიტუტმა პროდუქტების წარმოების ფარგლებში, წამყვან არტისტებთან თანამშრომლობით შექმნა ღია ფილმების სერია. მათ შორისაა კომედია "დიდკბილა ბაჭია" (Big Buck Bunny) (2008), სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი "ფოლადის ცრემლები" (Tears of Steel) (2012), პოეტური ზღაპარი "გაზაფხული" (Spring) (2019) და საშინელება-კომედია "სულების ბრძოლა" (Sprite Fight) (2021).
ბლენდერის ნიშანსვეტები¶
თითოეული ღია პროექტი ბლენდერს, როგორც 3-განზომილებიანი გრაფიკის შესაქმნელ პროგრამას, ახალ მოთხოვნებს უყენებს, რაც თავის მხრივ სამომავლოდ უფრო და უფრო მეტ აფგრეიდს განაპირობებს. განახლებების სრული სია ამ სტატიის ფარგლებში არ ჯდება, თუმცა ზოგიერთი ეტაპის აღნიშვნა ღირს.
ადრეულ 2008 წელს პროექტი ბლენდერ 2.5 დაიწყო. მასში ერთად შეიკრიბა მომხმარებლის ინტერფეისის კაპიტალური ცვლილება, ახალი ხელსაწყოების განსაზღვრით, მონაცემებზე წვდომის სისტემით, მოვლენების დამუშავებითა და ახალი ანიმაციური სისტემით. 2.5-ისთვის მთავარი მიზანი იყო ინტერფეისის სტანდარტებისა და შეყვანის მეთოდების გათანამედროვება.
Cycles არის ბლენდერის წარმოების უნარიანი, ტრაექტორიის მიმდევნებელი სარენდერო ძრავა, რომელიც პირველად ჩართული იქნა ვერსია 2.61-ში, 2011 წელს. დროთა განმავლობაში Cycles-ს გაუჩნდა სარენდერო შესაძლებლობების ფართო დიაპაზონის მხარდაჭერა, მათ შორის AMD-ისა და NVIDIA-სი. მსგავსად ამისა, მას ზრდასთან ერთად დაემატა ბევრი ისეთი მახასიათებლის მხარდაჭერა, როგორებიცაა თმა, მოძრაობის გადღაბნა, კვამლი და ცეცხლი, ძირითადი იერფერები და მასალები, ადაპტირებადი დანაყოფები და მრავალი სხვა.
2019 წლის ივლისში წყალგამყოფი ვერსიის 2.8-ის გამოშვებით ბლენდერი 3D მეინსტრიმში შეიჭრა. დაწყებული ძირეულად გადაკეთებული სამომხმარებლო ინტერფეისით, 2.8 სერიები მოიცავდა ინოვაციების მთელ სიმრავლეს, EEVEE-დან (ნამდვილი დროს სარენდერო ძრავა), მეშის გარდასახვის ახალ ვარიანტებამდე მოქანდაკეებისთვის, Mantaflow-ს ინტეგრაციამდე, სრულად ფუნქციონალური 2D ანიმაციის სამუშაო სივრცემდე, რომელიც 2D/3D ჰიბრიდული სამუშაო პროცესის შესაძლებლობასაც იძლევა.
მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების მანძილზე ინდუსტრიაში ბლენდერის აღიარება გაზრდილიყო, 2.8 იყო ის მომენტი, როცა იგი საყოველთაოდ იქნა მიღებული, როგორც ფასიანი კონკურენტების ლეგიტიმური ალტერნატივა. მსოფლიოს რამოდენიმე უდიდესი და ყველაზე ცნობადი კომპანია, გარდა თავიანთ საკუთარ პროექტებში ბლენდერის გამოყენებისა, ბლენდერის დეველოპმენტის ფონდის რეგულარული შემომწირველები გახდნენ, ისინი უზრუნველყოფენ, რომ ბლენდერმა სიახლეების დანერგვა განაგრძოს.
ბლენდერისა და ბლენდერით გაკეთებული ღია წყაროს პროდუქტების გარდა არსებობს ბლენდერის ქლაუდი (Blender Cloud). გამოწერაზე დაფუძნებული ეს ღია წარმოების პლატფორმა იძლევა განახლებებს ღია წყაროს ფილმის პროექტებზე, ასევე ფილმების აქტივების არქივს .blend ფაილად, ანიმაციასა და გაშუალებულ კადრებს, იერფერებსა და ტექსტურებს, და ადვილად აღქმად საწვრთნელ ვიდეოებს პროფესიონალი ხელოვანებისა და დეველოპერებისგან, რომლებიც ხშირად ამსტერდამში, ბლენდერის სათავო ოფისში მუშაობენ.
ბლენდერი: აწმყო და მომავალი¶
ჯამში ბლენდერის ორგანიზაცია ოცდარვა თანამშრომლისგან შედგება, რომლებიც მუშაობენ ამსტერდამიდან, დისტანციურად, და გრანტის საფუძველზე. ბლენდერისთვის ეს გუნდი უფრო ფართო საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, რომელიც შედგება ყველა ადამიანისგან, ვისაც ბლენდერის დეველოპმენტში წვლილი შეაქვს, თავს ბლენდერით ირჩენს, ან უბრალოდ ჩამოტვირთავს მას.
ბლენდერის მისია შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "მიაწოდე ხელოვან ხალხს მსოფლიოს საუკეთესო 3 განზომილებიანი ტექნოლოგია ღია წყაროთი, და შექმენი მისით საოცარი რამეები."
სამომავლოდ ბლენდერი იმედოვნებს, რომ მდგრადი, მომავლის მომზადებული ორგანიზაცია გახდება, რომელიც უერთგულებს თავის ღია წყაროს ფილოსოფიას, თავის ღირებულებებსა და ინოვაციას, მაღალ ტექნიკური ხარისხსა და უფრო და უფრო ამბიციულ შემოქმედებით მიზნებს.
ვერსიების/რევიზიების ეტაპები¶
დასაწყისი!
1.00 -- იანვარი, 1994წ.: NeoGeo-ს ანიმაციურ სტუდიაში ბლენდერის დეველოპმენტი მიმდინარეობს .
1.23 -- იანვარი, 1998წ.: ვებში SGI ვერსია გამოქვეყნდა, IrisGL.
1.30 -- აპრილი, 1998წ.: Linux და FreeBSD ვერსიები, პორტირება OpenGL-სა და X11-ზე.
1.3x -- ივნისი, 1998წ.: NaN დაარსდა.
1.4x -- სექტემბერი, 1998წ.: Sun-ისა და Linux-ის ალფა ვერსია გამოვიდა.
1.50 -- ნიემბერი, 1998წ.: გამოქვეყნდა პირველი სახელმძღვანელო.
1.60 -- აპრილი, 1999წ.: C-გასაღები (დაბლოკილი ახალი მახასიათებლები, $95), გამოვიდა Windows ვერსია.
1.6x -- ივნისი, 1999წ.: BeOS და PPC ვერსიები გამოვიდა.
1.8. -- ივნისი, 2000წ.: C-გასაღების დასასრული, ბლენდერი კვლავ სრულიად უფასოა.
2.00 -- აგვისტო, 2000წ.: ინტერაქტიული 3-განზომილებიანი და ნამდვილი დროის ძრავა.
2.10 -- დეკემბერი, 2000წ.: ახალი ძრავა, ფიზიკა, და Python.
2.20 -- აგვისტო, 2001წ.: პერსონაჟის ანიმაციის სისტემა.
2.21 -- ოქტომბერი, 2001წ.: ბლენდერ ფაბლიშერის გაშვება.
2.2x -- დეკემბერი, 2001წ.: macOS ვერსია.
ბლენდერი ღია საწყისი კოდისა ხდება
- 13 ოქტომბერი, 2002წ.:
ბლენდერი ღია საწყისი კოდისა ხდება, 1-ლი ბლენდერის კონფერენცია (Blender Conference).
- 2.25 -- ოქტომბერი 2002წ.:
ბლენდერ ფაბლიშერი უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა და შეიქმნა ბლენდერის ექსპერიმენტალური ხე, კოდერის სათამაშო მოედანი.
- 2.26 -- თებერვალი, 2003წ.:
ბლენდერის პირველი ნამდვილი ღია წყაროს ვერსიის გამოშვება.
- 2.27 -- მაისი, 2003წ.:
მეორე ღია წყაროს ბლენდერის რელიზი.
- 2.28x -- ივლისი, 2003წ.:
პირველი გამოშვება 2.28x სერიიდან.
- 2.30 -- ოქტომბერი, 2003წ.:
ბლენდერის მეორე კონფერენციაზე 2.3x ვერსიის UI-ს ცვლილებების წინასწარ გადასახედი რელიზი.
- 2.31 -- დეკემბერი, 2003წ.:
აფგრეიდი სტაბილურ 2.3x UI პროექტზე.
- 2.32 -- იანვარი, 2004წ.:
შინაგანი დარენდერების შესაძლებლობების სერიოზული რეკონსტრუირება.
- 2.33 -- აპრილი, 2004წ.:
თამაშების ძრავა დაბრუნდა, გარემომცველი წინაღობა, ახალი პროცედურული ტექსტურები.
- 2.34 -- აგვისტო, 2004წ.:
ნაწილაკთა ურთიერთქმედებები, LSCM (Least Squares Conformal Map - უმცირესი კვადრატებიანი კონფორმული გადასახვა) UV გადანაწილება, ფუნქციონალური YafRay ინტეგრაცია, შეწონილი ნაკეცები ქვედანაყოფებიან ზედაპირებში, გრადაციული იერფერები, სრული OSA (OverSAmple - განკბილვა, იგივე ანტიალიასინგი) და უამრავი სხვა რამ.
- 2.35 -- ნოემბერი, 2004წ.:
გაუმჯობესებებით სავსე მორიგი ვერსია: ობიექტების ჰუკები, წირებით დეფორმირებები და წაწვრილებები, ნაწილაკების დუბლიკატორები და მრავალი სხვა.
- 2.36 -- დეკემბერი, 2004წ.:
დასასტაბილურებელი ვერსია, უამრავი სამუშაო ჩატარდა ფარდის მიღმა, ნორმალებისა და გადანაცვლების გადანაწილების გაუმჯობესება.
- 2.37 -- ივნისი, 2005წ.:
გარდაქმნის ხელსაწყოები და ვიჯეტები, რბილი სხეულები, ძალის ველები, ასხლეტები, მზარდი ქვედანაყოფებიანი ზედაპირები, გამჭვირვალე ჩრდილები და მრავალნაკადიანი დარენდერება.
- 2.40 -- დეკემბერი, 2005წ.:
სრულიად გადაკეთებული არმატურების სისტემა, ფორმის სოლები, ნაწილაკოვანი ბეწვი, დენადი ნივთიერებები და უდრეკი სხეულები.
- 2.41 -- იანვარი, 2006წ.:
ძალიან ბევრი შესწორება, თამაშების ძრავის ზოგიერთი მახასიათებელი.
- 2.42 -- ივლისი, 2006წ.:
კვანძები, მასივის მოდიფიკატორი, ვექტორული გაბუნდოვნება, ფიზიკის ახალი ძრავა, დარენდერება, ტუჩების სინქრონირება და ბევრი სხვა მახასიათებელი. ეს იყო პროექტი ფორთოხალის მომდევნო რელიზი.
- 2.43 -- თებერვალი, 2007წ.:
მრავალგარჩევადობიანი მეშები, მრავალშრიანი UV ტექსტურები, მრავალშრიანი გამოსახულებები და მრავალგადავლიანი დარენდერება და ცხობა, ძერწვა, რეტოპოლოგია, რამდენიმე დამატებითი კაშე, გამრუდებისა და გაფილტრვის კვანძები, მოდელირებისა და ანიმაციის გაუმჯობესება, რამდენიმე ფუნჯით უკეთესად ხატვა, დენადი ნივთიერებების ნაწილაკები, პროქსი ობიექტები, სეკვენსერის ხელახლა გადაწერა და დასრულების შემდგომი UV ტექსტურირება.
- 2.44 -- მაისი, 2007წ.:
ორი ახალი მოდიფიკატორისა და 64-ბიტიანი OS-ის მხარდაჭერის აღდგენის გარდა დიდი სიახლე იყო ზედაპირქვეშა გაბნევის დამატება, რაც ასიმულირებს ორგანული და რბილი ობიექტების ზედაპირის ქვეშ სინათლის გაფანტვას.
- 2.45 -- სექტემბერი, 2007წ.:
მნიშვნელოვანი ხარვეზების გასწორება, მუშაობის ზოგიერთი პრობლემის მოგვარება.
- 2.46 -- მაისი, 2008წ.:
The Peach-ის (პროექტი "ატამი") რელიზი იყო შედეგი 70-ზე მეტი დეველოპერის უზარმაზარი ძალისხმევისა, უზრუნველყოთ თმა და ბეწვი, ნაწილაკების ახალი სისტემა, გამოსახულებების დათვალიერების დახვეწა, ქსოვილი, ფიზიკის არა ხელის შემშლელი ქეში, დარენდერების გაუმჯობესება ანარეკლებში, AO-სა და რენდერის ცხობაში, მეშის დეფორმაციის მოდიფიკატორი კუნთებისა და სხვა მსგავსისთვის, ანიმაციის უკეთესი მხარდაჭერა არმატურის ხელსაწყოებისა და ხატვის, გარეკანიანობის, შემბორკველებისა და ქმედებათა რედაქტორის მეშვეობით და მრავალი სხვა. მასში შედიოდა პროექტი "ატამის" შედეგები.
- 2.47 -- აგვისტო, 2008წ.:
ხარვეზების აღმოსაფხვრელი რელიზი.
- 2.48 -- ოქტომბერი, 2008წ.:
The Apricot-ის (პროექტი "გარგარი") რელიზი, მაგარი GLSL იერფერები, განათებები და GE-ს გაუმჯობესება, მიკვრა, ცის სიმულატორი, შემოტკეცის მოდიფიკატორი და Python-ის რედაქტირების გაუმჯობესება. აქ შედის პროექტი "გარგარი"-ს შედეგები.
- 2.49 -- ივნისი, 2009წ.:
კვანძებზე დაფუძნებული ტექსტურები, არმატურის ხაზვა (რომელსაც "Etch-a-Ton" ჰქვია), მეშზე ბულის ოპერაციების გაუმჯობესება, JPEG2000-ის მხარდაჭერა, პროეცირებით მოხატვა მოდელებზე გამოსახულებების პირდაპირ გადასატანად, და მნიშვნელოვანი Python სკრიპტების კატალოგი. თამაშების ძრავის გაუმჯობესება მოიცავდა ვიდეო ტექსტურებს, რომლებითაც შეიძლებოდა ვიდეოს დაკვრა თამაშის განმავლობაში, ფიზიკის ძრავა Bullet-ის განახლებებს, თაღოვან (თევზის თვალისებურ) რენდერსა და თამაშის ძრავის ხელმისაწვდომი API გამოძახებების მატებას.
ბლენდერ 2.5x -- ხელახალი კოდირება!
- 2.5x -- 2009 წ.-დან 2011წ.-ის აგვისტომდე:
ამ სერიაში გამოიშვა ოთხი წინასწარი ვერსია (2009 წლის ნოემბერში გამოშვებული ალფა 0-დან 2010 წლის ივლისში გამოშვებული ბეტას ჩათვლით) და სამი სტაბილური ვერსია (2.57-დან - 2011 წლის აპრილში, 2.59-მდე - 2011 წლის აგვისტოში). ეს იყო ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, პროგრამის ახალი ფუნქციებით სრულად დაკოპლექტებით, შინაგანი ფანჯრების მენეჯერის ხელახალი დიზაინითა და მოვლენების/ხელსაწყოების/მონაცემების დამუშავების სისტემით, ასევე ახალი Python API-თ. ამ პროექტის საბოლოო ვერსია იყო ბლენდერ 2.59, 2011 წლის აგვისტოში.
ბლენდერ 2.6x-დან 2.7x-ის ჩათვლით -- გაუმჯობესება და დასტაბილურება
- 2.60 -- ოქტომბერი, 2011წ.:
მომხმარებლის ინტერფეისის გასაერთაშორისოება, ანიმაციის სისტემისა და თამაშების ძრავის გაუმჯობესება, წვეროთა წონების ჯგუფთა მოდიფიკატორები, 3D აუდიო და ვიდეო, და ხარვეზების აღმოფხრვა.
- 2.61 -- დეკემბერი, 2011წ.:
დაემატა დამარენდერებელი სახელად Cycles, კამერის თვალის მადევნებელი, დინამიკური ხატვა ტექსტურების დასამოდიფიცირებლად მეშთან კონტაქტით/მიახლოებით, ოკეანის მოდიფიკატორი ოკეანისა და ქაფის სიმულაციისთვის, ახალი დანამატები, ხარვეზების აღმოხვრა და მეტი გაფართოება Python-ის API-სთვის.
- 2.62 -- თებერვალი, 2012წ.:
დაემატა ბიბლიოთეკა Carve ბულის ოპერაციების გასაუმჯობესებლად, ობიექტის თვალის დევნების მხარდაჭერა, მეშის გარდასახვის მოდიფიკატორი, თამაშების ძრავის მრავალი სახის გაუმჯობესება, გაუმჯობესდა მატრიცები და ვექტორები Python-ის API-ში, გარდა ამისა, გაჩნდა ახალი დანამატები და აღმოფხვრა მრავალი ხარვეზი.
- 2.63 -- აპრილი, 2012წ.:
Bmesh შეერწყა trunk-ის შტოს, n-გვერდიანი მრავალკუთხედების სრული მხარდაჭერით, ნაძერწის დამალვა, პანორამული კამერა Cycles-ისთვის, სარკისებური ბურთის გარემოს ტექსტურება და წილადნიშნა სიზუსტის ტექსტურები, რენდერის შრის ნიღბის შრეები, გარემომცველი წინაღობა და ფონური გამოსახულებებისა და რენდერის შრეების სარკმელში ასახვა. დაემატა ახალი საიმპორტო და საექსპორტო დანამატები და აღმოიფხვრა 150 ხარვეზი.
- 2.64 -- ოქტომბერი, 2012წ.:
დაემატა ნიღბის რედაქტორი, და მასთან ერთად მოძრაობის გაუმჯობესებული თვალყურის მადევნებელი, OpenColorIO, Cycles-ის გაუმჯობესებები, სეკვენსერის გაუმჯობესებები, მეშის უკეთესი ხელსაწყოები (გაუმჯობესდა ჩასმა და ცერობი), ამოჭრის ახალი კვანძები, ძერწვის შენიღბვა, COLLADA-ს გაუმჯობესებები, გარეკანის ახალი მოდიფიკატორი, ბექენდის ახალი საკომპოზიტორო კვანძები და აღმოიფხვრა ბევრი ხარვეზი.
- 2.65 -- დეკემბერი, 2012წ.:
ცეცხლისა და კვამლის გაუმჯობესებები, ანიზოტროპიული იერფერი Cycles-ისთვის, მოდიფიკატორის გაუმჯობესებები, ცერობის ხელსაწყო უკვე მომრგვალებას შეიცავს, ახალი დანამატები და 200-ზე მეტი ხარვეზის აღმოფხვრა.
- 2.66 -- თებერვალი, 2013წ.:
დინამიკური ტოპოლოგია, უდრეკი სხეულის სიმულაცია, გაუმჯობესებები UI-ისა და გამოყენებადობის თვალსაზრისით (მათ შორის Retina Display-ს მხარდაჭერა), Cycles-ს გაუჩნდა თმის მხარდაჭერა, დაცერობების ხელსაწყოს უკვე აქვს ინდივიდუალური წვეროების დაცერობება, ახალი მეშის ქეშის მოდიფიკატორი და ახალი UV დაბრეცის მოდიფიკატორი, ახალი SPH ნაწილაკების დენადი ნივთიერებების ამომხსნელი. 250-ზე მეტი ხარვეზის აღმოფხვრა.
- 2.67 -- მაისი, 2013წ.:
დაემატა Freestyle, ხატვის სისტემა გაუმჯობესდა, ზედაპირქვეშა გაბნევა Cycles-ისთვის, Ceres-ის ბიბლიოთეკა მოძრაობაზე თვალის მადევნებელში, Python-ის ახალი მორგებული კვანძები, მეშის მოდელირების ახალი ხელსაწყოები, UTF-8 ტექსტის უკეთესი მხარდაჭერა და ტექსტური რედაქტორების გაუმჯობესება, ახალი დანამატები 3-განზომილებიანი ბეჭდვისთვის, 260-ზე მეტი ხარვეზის აღმოფხვრა.
- 2.68 -- ივლისი, 2013წ.:
მოდელირების ახალი და გაუმჯობესებული ხელსაწყოები, Cycles-ის სამი ახალი კვანძი, დიდი წინსვლა მოძრობის თვალის მადევნებელთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით Python-ის სკრიპტები და დრაივერები ფაილების ჩატვირთვისას ნაგულისხმებად გათიშულია, და 280-ზე მეტი აღმოფხვრილი ხარვეზი.
- 2.69 -- ოქტომბერი, 2013წ.:
მოდელირების კიდევ უფრო მეტი ხელსაწყო, Cycles-ის მრავალმხრივი გაუმჯობესება, მოძრაობაზე თვალის მადევნებელს დაემატა სიბრტყეზე თვალის დევნება, FBX-ის იმპორტ-ექსპორტის უკეთესი მხარდაჭერა და 270-ზე მეტი აღმოფხვრილი ხარვეზი.
- 2.70 -- მარტი, 2014წ.:
Cycles-მა მიიღო საბაზისო ვოლუმეტრიის მხარდაჭერა-ზე, მეტი გაუმჯობესება მოძრაობაზე თვალის მადევნებელში, მოდელირების ორი ახალი მოდიფიკატორი, UI-ს თავსებადობასთან დაკავშირებული რამოდენიმე შესწორება, და 560-ზე მეტი ხარვეზის აღმოფხვრა.
- 2.71 -- ივნისი, 2014წ.:
Cycles-ს დაემატა დეფორმაციის მოძრაობის გადღაბნა და ცეცხლის/კვამლის მხარდაჭერა, UI-ს კონტექსტური ფანჯრები გათრევადი გახდა. მოხდა ძერწვის რეჟიმში მუშაობის ოპტიმიზაცია, ინტერპოლაციის ახალი ტიპები ანიმაციისთვის, თამაშების ძრავის მრავალი გაუმჯობესება, და 40-ზე მეტი ხარვეზის აღმოფხვრა.
- 2.72 -- ოქტომბერი, 2014წ.:
Cycles-ს ემატება მოცულობისა და ზედაპირქვეში გაბნევის (SSS) მხარდაჭერა GPU-ზე, დაემატა სექტორული მენიუები და საგრძნობლად გაუმჯობესდა კურსორის მინიშნებები, დაემატა მოდელირების ხელსაწყო 'გადაკვეთა', ახალი კვანძი 'მზის სხივთკონები' კომპოზიტორისთვის, Freestyle უკვე Cycles-თან ერთად მუშაობს, ტექსტურების ხატვის პროცესი გაუმჯობესდა, და აღმოიფხვრა 220-ზე მეტი ხარვეზი.
- 2.73 -- იანვარი 2015წ.:
Cycles-ში ვოლუმეტრიის მხარდაჭერა გაუმჯობესდა, გრიზ ფენსილის მნიშვნელოვანი განახლება, Windows იღებს შეყვანის მეთოდის რედაქტორებს (Input Method Editors (IMEs)) და ზოგადი უკეთესობაა ხატვის პროცესში, Freestyle-ში, სეკვენსერსა და დანამატებში.
- 2.74 -- მარტი, 2015წ.:
მორგებული ნორმალების მხარდაჭერა, სარკმელში კომპოზიტირება და თმის დინამიკის გაუმჯობესება.
- 2.75 -- ივლისი, 2015წ.:
ინტეგრირებული სტერეო/მრავალხედიანი ფაიფლაინი, შემასწორებელი დაგლუვების მოდიფიკატორი და ახალი დამოკიდებულებების გრაფიკი.
- 2.76 -- ნოემბერი, 2015წ.:
Pixar-ის OpenSubdiv-ის მხარდაჭერა, სარკმლისა და ფაილების ბრაუზერის მუშაობის ტემპის გაუმჯობესება, კვანძების ავტომატური აცდენა და ტექსტის ეფექტების ლენტი სეკვენდერისთვის.
- 2.77 -- მარტი, 2016წ.:
OpenVDB-ს მხარდაჭერა კვამლის/მოცულობითი სიმულაციების ქეშირებისთვის, გაუმჯობესებული ზედაპირქვეშა გაბნევა Cycles-ში, გრიზ ფენსილის მონასმების ძერწვა და უკეთესი სამუშაო პროცესი, და ბიბლიოთეკების გადამუშავებული მართვა მონაცემთა დაკარგული და წაშლილი ბლოკების მენეჯმენტისთვის.
- 2.78 -- სექტემბერი, 2016წ.:
სფერული სტერეო გამოსახულების Cycles-ის მხარდაჭერა ვირტუალური რეალობისთვის, გრიზ ფენსილით მუშაობის პროცესი უფრო ემსგავსება 2D ხატვის სხვა პროგრამებს, Alembic-ის იმპორტისა და ექსპორტის მხარდაჭერა, და დრეკადი ძვლების გაუმჯობესება უფრო იოლი და მარტივი დარიგვისთვის.
- 2.79 -- სექტემბერი, 2017წ.:
Cycles-ის ახალი მახასიათებლები: განხმაურება, ჩრდილის დამჭერი, და ახალი პრინციპული იერფერი. იყო სხვა გაუმჯობესებები გრიზ ფენსილსა და Alembic-თან დაკავშირებით. დაემატა მხარდაჭერა აპლიკაციის შაბლონებისთვისაც.
ბლენდერ 2.8 -- გადაკეთებული UI
- 2.80 -- ივლისი, 2019წ.:
მომხმარებლის ინტერფეისის სრულიად ახალი დიზაინი გაადვილებული ნავიგაციისთვის, გაუმჯობესებული სარკმელი, გიზმოები და ხელსაწყოები. EEVEE-ს მეშვეობით შეიქმნა ახალი, ფიზიკაზე დაფუძნებული, ნამდვილ დროში დამარენდერებელი ძრავა. გრიზ ფენსილმა გაიარა საგულდაგულო რეკონსტრუქცია და ამიერიდან 2-განზომილებიანი ხატვისა და ანიმაციის სრულყოფილი სისტემაა. ძველი შრეები ჩანაცვლდა კოლექციებით, რომლებიც ობიექტთა ორგანიზების ეფექტური საშუალებაა. სხვა გაუმჯობესებები: Cycles, მოდელირება, ანიმაცია, იმპორტი/ექსპორტი, დამოკიდებულებათა გრაფიკი.
- 2.81 -- ნოემბერი, 2019წ.:
გადაკეთებული საძერწი ხელსაწყოები, OptiX აჩქარებით დარენდერება Cycles-ში, განხმაურება, მრავალი გაუმჯობესება EEVEE-ში, ბიბლიოთეკათა უკუგდებები, UI-ს გაუმჯობესება და მრავალი სხვა.
- 2.82 -- თებერვალი, 2020წ.:
UDIM-სა და USD-ს მხარდაჭერა, Mantaflow დენადი ნივთიერებებისა და კვამლის სიმულაციისთვის, AI განხმაურება, გრიზ ფენსილის გაუმჯობესება და მრავალი სხვა.
- 2.83 LTS -- ივნისი, 2020წ.:
ვირტუალური რეალობის სცენის ინსპექცია 3D სარკმელში, მოცულობითი ობიექტების ახალი ტიპი, ადაპტირებადი სემპლირება Cycles-ში, Cycles-ის სარკმლის განხმაურება, ძერწვის გაუმჯობესება, და მრავალი სხვა. პირველი LTS (გრელვადიანი მხარდაჭერის) რელიზის მიზანი იყო სტუდიოებისა და ხანგრძლივი პროექტების მხარდაჭერა.
ბლენდერ 2.9 -- 2.8-ის დახვეწა
- 2.90 -- აგვისტო, 2020წ:
ცის გაუმჯობესებული ტექსტურა, მოძრაობის გადღაბნა EEVEE-ში, ძერწვის გაუმჯობესება, მოდიფიკატორების გადაკეთებული ინტერფეისი, მოდელირების გაუმჯობესებული ხელსაწყოები და დაჩქარებული გადღაბნილი მოძრაობა Cycles-ში.
- 2.91 -- ნოემბერი, 2020წ.:
მონახაზის გაუმჯობესება, თვისების ძიება, მეშის გაუმჯობესებული ბულის ტიპის ოპერაციები, ანიმაციის წირები, მოცულობითი ობიექტებისა და დისპლეის გაუმჯობესებები, და უფრო დახვეწილი საძერწი ხელსაწყოები.
- 2.92 -- თებერვალი, 2021წ.:
გეომეტრიის კვანძები, პრიმიტივის დამატების ხელსაწყო, ძერწვის გაუმჯობესება, გრიზ ფენსილის წირების რედაქტირება, Cycles-ის ფერის ტრიბუტის ცხობა, APIC-ის დენად ნივთიერებათა სიმულაციები, ვიდეო სეკვენსერის გაუმჯობესება და მრავალი სხვა.
- 2.93 LTS -- ივნისი, 2021წ.:
ახალი გეომეტრიული კვანძები, ძერწვის გაუმჯობესებები, გრიზ ფენსილის ლაინ არტის მოდიფიკატორი სხვა გაუმობესებებთან ერთად, DOF EEVEE-ს სარენდერო ძრავისთვის, კრიპტოკაშეს ახალი სამუშაო პროცესი და სხვა. LTS რელიზი 2.9 სერიებისთვის.
ბლენდერ 3.0 -- მუშაობის ოპტიმიზაცია
- 3.0 -- დეკემბერი, 2021წ.:
დაემატა აქტივების ბრაიზერი, Cycles X, EEVEE-ს ატრიბუტები, ახალი გეომეტრიული კვანძები, ანიმაციის განახლება, გრიზ ფენსილის ლაინ არტის გაუმჯობესებები, პოზების ბიბლიოთეკა, Open Imag-ს განხმაურება 2-8-ჯერ უფრო სწრაფია, AMD-ს დამატებითი მხარდაჭერა linux-ზე.
- 3.1 -- მარტი, 2022წ.:
წერტილთა ღრუბლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, Apple Metal GPU-ს მხარდაჭერა Cycles-ში, ქვედანაყოფების GPU მხარდაჭერა, გამოსახულების რედაქტორის მიერ უფრო დიდი სურათების დამუშავება, წარმადობის გაზრდა გეომეტრიული კვანძებისთვის, კონტექსტისადმი მგრძნობიარე ძიება გეომეტრიული კვანძებისთვის.
- 3.2 -- ივნისი, 2022წ.:
სინათლეთა ჯგუფები Cycles-ისთვის, ჩრდილის ნამდვილი კაუსტიკა, მოცულობის მოძრაობის გადღაბნა, GLTF გაუმჯობესებები, AMD GPU-ზე დარენდერება Linux-ში, ხატვა ძერწვის რეჟიმში, WEBp გამოსახულების მხარდაჭერა.
- 3.3 LTS -- სექტემბერი, 2022წ.:
თმების ახალი ობიექტი, პროცედურული UV კვანძები, ლაინ არტის ჩრდილი და კონტური, Intel GPU დარენდერების მხარდაჭერა oneAPI-ს მეშვეობით, და ბიბლიოთეკათა უკუგდებების გაუმჯობესება. პირველი LTS რელიზი 3.0 სერიებში.
- 3.4 -- დეკემბერი, 2022წ.:
ტრაექტორიის მიმართვა Cycles-ში, ძერწვისას ავტომატური შენიღბვის გაუმჯობესება, კიდევ მეტი გეომეტრიული კვანძი, UV რედაქტირების გაუმჯობესება და Wayland-ის მხარდაჭერა Linux-ში.
- 3.5 -- მარტი, 2023წ.:
ახალი გენერაციული თმის აქტივები, ვექტორული გადანაცვლების რუკები ძერწვისთვის, სარკმლის კომპოზიტორი, Cycle-ის სინათლეთა ხეები.
- 3.6 LTS -- ივნისი, 2023წ.:
გეომეტრიულ კვანძებს დაემატა სიმულაციის კვანძები, Cycles-ის აპარატურული სხივთა მიდევნება AMD-სა და Intel-ისთვის, UV კუნძულების ჩამწკრივება, აქტივთა შეკვრა ბლენდერის სტუდიისა და საზოგადოების ხელოვანი წევრებისგან, ახალი რეტოპოლოგიის გადაფარება. საბოლოო LTS რელიზი 3.0 სერიებიდან.
ბლენდერ 4.0 -- უზარმაზარი ნახტომი დარენდერებაში, ხელსაწყოთა შექმნაში და სხვ.
- 4.0 -- ნოემბერი, 2023წ.:
ახალი პრინციპული BSDF იერფერი ლაქისა და ბრწყინვის შრეებით, AgX ხედის გარდაქმნა, ვორონოის ტექსტურის ფრაქტალური ხმაური, სინათლის მიბმა არჩევითი განათებისთვის, გეომეტრიული კვანძების გაშვება კვანძების ხელსაწყოების სახით, მიკვრის გაუმჯობესება, მათ შორის მიკვრის ბაზისთვის, მენიუსა და მოდიფიკატორის ტექსტის აკრეფით ძიება, ახალი Inter შრიფტი, ოპტიმიზებული კლავიშრუკა, ძვალთა კოლექციები, Hydra Storm-ის USD დამარენდერებელი, აქტივთა უფრო დიდი ბიბლიოთეკა, მისადაგება VFX Reference Platform 2023-ზე.
- 4.1 -- მარტი, 2024წ.:
გეომეტრიული კვანძების ცხობის მხარდაჭერა, მენიუს გადამრთველის კვანძი, OpenImageDenoise-ის GPU აჩქარება, ნამდვილი დროის სარკმლის კომპოზიტორის დამატებითი ფუნქციები, ანიმაციის საკვანძო ფაზების გამარტივებული ჩასმა, ძვალთა იერარქიული კოლექციები, გრაფიკების რედაქტორის დაწკაპუნება-გაცურება, ვიდეო სეკვენსერის მუშაობისა და ფერთა სფეროს გაუმჯობესება, მისადაგება VFX Reference Platform 2024-თან, არმატურისა და ფორმის სოლების ექსპორტი USD ფაილში.
- 4.2 LTS -- ივლისი, 2024წ.:
EEVEE-ს ახალი თაობა, განათების, მზის სინათლის, გადანაცვლების, ზედაპირქვეშა გაბნევის, მოცულობითი ობიექტებისა და მოძრაობის გადღაბნის მნიშვნელოვანი განახლებებით, Cycles-ში დაემატა სხივების პორტალის BSDF და აფსკის ინტერფერენცია, რბილი მოცულობის უკეთესი დარენდერება შემცირებული ხმაურით, ლურჯ ხმაურზე დაფუძნებული სემპლირება, გაეშვა ბლენდერის გაფართოებების პლატფორმა, Khronos-ის PBR-ის ნეიტრალური ტონების გამნაწილებელი, ძერწვის მონიშვნის გაუმჯობესება, კვანძების შენატანებს მატრიცების მხარდაჭერა აქვთ, კვანძების ხელსაწყოებს შეუძლიათ თაგვის პოზიციისა და სარკმლის გამოყენება, ვიდეო სეკვენსერის გრაფიკული დამუშავება, USD ექსპორტის დამატებითი ვარიანტები, მკვიდრი პორტატული ინსტალაციის მხარდაჭერა. პირველი LTS რელიზი 4.0 სერიებიდან.
- 4.3 -- ნოემბერი, 2024წ.:
სინათლის მიბმა და ჩრდილის მიბმა EEVEE-ში, ლითონური BSDF, გაბორის ხმაურის ტექსტურა, EEVEE რენდერის გადავლები კომპოზიტორში, UV გადაძრობა მინიმალური გაწელვით (SLIM), არაერთი გეომეტრიული კვანძის განახლება, მათ შორის for...each ზონა, ფიზიკის კვანძები, გრიზ ფენსილის ძრავა გადაიწერა სისწრაფისა და ახალი მახასიათებლებისთვის, ხატვისა და ძერწვისთვის პროგრამაში შედის 100-ზე მეტი ნაგულისხმები ფუნჯი, UI არეს ჩამაგრება.