ბლენდერის ინსტალირება¶
ბლენდერის ახალი ვერსია დაახლოებით სამ თვეში ერთხელ გამოდის. შეგიძლია, უახლეს ცვლილებებს თვალყური ადევნო რელიზის შენიშვნების მეშვეობით.
სისტემური მოთხოვნები¶
ბლენდერის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Windows-ის, macOS-ისა და Linux-ისთვის. ყოველთვის შეამოწმე, სჭირდება, თუ არა შენს გრაფიკულ დრაივერებს განახლება და აქვს თუ არა OpenGL-ს წესიერი მხარდაჭერა. ბლენდერს აქვს მინიმალური და რეკომენდირებული მოთხოვნები; ასე რომ, სანამ მის ინსტალირებას შეეცდები, დარწმუნდი, რომ შენი აპარატურა ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
სხვა ტექნიკის მხარდაჭერას, როგორიცაა გრაფიკული პლანშეტები და 3-განზომილებიანი თაგუნები, მოგვიანებით შევეხებით აპარატურის კონფიგურირებაში.
ჩამოტვირთე ბლენდერი¶
ბლენდერი გთავაზობს სხვადასხვა ბინარული პაკეტების ნაირსახეობას, რომლიდანაც შეგიძლია, ამოარჩიო სასურველი, სტაბილურობის დონის მიხედვით. თითოეულ პაკეტს აქვს თავისი პლიუს-მინუსი - უახლესი მახასიათებლები ვერსუს სტაბილურობა. ამ ორი ასპექტის მიმართ შენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული, რომელი პაკეტი შეგეფერება ყველაზე მეტად. მაგალითად, სტუდიას შეიძლება, გრძელვადიანი მხარდაჭერა უნდოდეს, როცა ჰობისტს უახლესი მახასიათებლები ურჩევნია, სხვებს კი უბრალოდ სამომავლო მახასიათებლების დატესტვა უნდათ. ქვემოთ აღწერილ თითოეულ პაკეტს აქვს რაღაც, რაც ყველასთვის კარგია.
- სტაბილური რელიზი
პაკეტი, რომელიც უახლეს მახასიათებლებს შეიცავს და ითვლება სტაბილურად, რეგრესიების გარეშე. ახალი სტაბილური ვერსია დაახლოებით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოდის.
- გრძელვადიანი მხარდაჭერა
პაკეტი, რომელიც გამიზნულია ბლენდერის ძალიან სტაბილური ვერსიის საჭიროების მქონე, გრძელვადიანი პროექტებისთვის. LTS რელიზებს ორწლიანი მხარდაჭერა აქვს და ახალ მახასიათებლებს, API-ს ცვლილებებს, ან რაიმე სახის გაუმჯობესებას არ მიიღებს. გრძელვადიანი მხარდაჭერის მქონე ახალი ვერსია ყოველ წელს გამოდის. ამ LTS რელიზებს დროდადრო უმნიშვნელო პაჩები აქვს (მაგ.: 4.2.6), რომლებიც სტაბილურობას ჰმატებს, ან კრიტიკულ ხარვეზებს აღმოფხვრის.
- ყოველდღიური გამოშვებები
ყოველდღიურად განახლებადი პაკეტი, რომელიც დეველოპმენტის განმავლობაში შეტანილ უახლეს ცვლილებებს შეიცავს. ეს ვერსიები ავტომატურად ეწყობა გრაფიკის მიხედვით. ისინი ისე ზედმიწევნით არ იტესტება, როგორც რელიზის ზემოხსენებული ტიპები და შესაძლოა, აირიოს, ან ავარიულად ჩაიხუროს. Alpha აღნიშვნის მქონე გამოშვებებში ჯერ კიდევ შედის დიდი ცვლილებები და სამომავლო დამატებები, ხოლო Beta-თი აღნიშნულებში ყველა მახასიათებელი შესულია და დეველოპმენტი დასახვეწად და დასასტაბილურებლად მიმდინარეობს.
ალფადან ბეტამდე, რელიზის კანდიდატამდე (RC) და საბოლოო რელიზამდე სტაბილურობის ზრდა მოსალოდნელია.
- დააკომპილირე წყაროდან
ბლენდერის წყაროს კოდი უფასოდაა ხელმისაწვდომი, გინდ საცნობაროდ და გინდაც დასაკომპილირებლად და გამოსაყენებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლების მიმართ არ არსებობს მოლოდინი, რომ თავად დააკომპილირონ ბლენდერი, ამის გაკეთება გარკვეულწილად მომგებიანია:
ბლენდერი ყოველთვის განახლებულია.
წვდომას იძლევა ნებისმიერ ვერსიასა თუ განშტოებაზე, სადაც ამა თუ იმ მახასიათებლის დეველოპმენტი ხდება.
მისი მორგება თავისუფლად შეიძლება.
ცნობისმოყვარე მომხმარებლებს შეუძლიათ, წყაროს კოდი გადაათვალიერონ და მცირე ცვლილებები შეიტანონ, რათა ნახონ მათი ეფექტები და უკეთ გაიაზრონ, თუ როგორ მუშაობს ბლენდერი.
ბინარული ვერსიის ინსტალირების პროცედურა - უახლესი სტაბილური რელიზისა, თუ ყოველდღიური კომპილაციის - ერთი და იგივეა. მიჰყევი შენი პლატფორმისთვის განკუთვნილ ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს.
ნოტი
ბლენდერი განზრახ არ საჭიროებს ინტერნეტ კავშირს, ამიტომ განახლების ჩაშენებული სისტემა არ გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ თავად მოგიწევს ბლენდერის განახლება პლატფორმის სპეციფიური აფგრეიდის ნაბიჯების მიყოლით, ქვემოთა განყოფილებებში მოცემული მითითებების მიხედვით.