ბლენდერის შესახებ (About Blender)¶
ბლენდერი არის 3-განზომილებიანი გრაფიკის შესაქმნელი, უფასო და ღია წყაროს პროგრამული პაკეტი. მას აქვს სრული 3D ფაიფლაინის მხარდაჭერა: მოდელირება, დარიგვა, ანიმაცია, სიმულაცია, დარენდერება, კომპოზიტირება, მოძრაობაზე თვალის დევნება და ვიდეო რედაქტირება.
ბლენდერი გთავაზობს ურთიერთთავსებად სამუშაო პროცესებს ლინუქსის (Linux), მაკ ოს-ისა (macOS) და ვინდოუსის (Windows) ოპერაციულ სისტემებში, OpenGL-ის მეშვეობით.
ვინ იყენებს ბლენდერს?¶
ბლენდერს გააჩნია ხელსაწყოთა უზარმაზარი ნაირსახეობა, რაც მას თითქმის ყველანაირი მედიის წარმოებისთვის შესაფერისს ხდის. ბლენდერს მთელი მსოფლიოს პროფესიონალები, მოყვარულები და სტუდიები იყენებენ ანიმაციის, თამაშების აქტივების, კინო გრაფიკის, სატელევიზიო შოუების, ვიზუალური კონცეფციის, სიუჟეტური დაფების, რეკლამებისა და სრულმეტრაჟიანი ფილმების შესაქმნელად.
დამატებითი მაგალითებისთვის გადადი ბლენდერის ვებსაიტის გვერდ User Stories-ზე.
მნიშვნელოვანი მახასიათებლები¶
ბლენდერი არის სამგანზომილებიანი კონტენტის შესაქმნელი, სრულად ინტეგრირებული პაკეტი, რომელსაც გააჩნია აუცილებელი ხელსაწყოების ფართო დიაპაზონი, მათ შორის მოდელირების, დარენდერების, ანიმაციისა და დარიგვის, ვიდეო რედაქტირების, VFX-ის, კომპოზიტირების, ტექსტურირებისა და სიმულაციების მრავალი ტიპისთვის.
იგი საპლატფორმათშორისო პროგრამაა OpenGL GUI-თ, რომელიც ერთგვაროვანია ყველა ძირითად პლატფორმაზე (და Python-ის სკრიპტების საშუალებით მორგებადია).
მას აქვს მაღალი ხარისხის 3D არქიტექტურა, რაც სწრაფ და ეფექტურ სამუშაო პროცესს უზრუნველყოფს.
აქვს აქტიური საზოგადოებრივი მხარდაჭერა. საიტების ვრცელი სიისთვის იხ. blender.org/community.
მისი ინსტალირება და გაშვება ნებისმიერი საქაღალდიდან შეიძლება, სისტემის მოდიფიცირების გარეშე.
ბლენდერის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქედან.
თანამდევ დამუშავებაში მყოფი დარენდერებული გამოსახულება.¶
ბლენდერი შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ტიპის დავალებების ფართო დიაპაზონის შესრულებას და შეიძლება, საფუძვლების პირველად დაუფლებისას ზედმეტად გადატვირთული ჩანდეს. თუმცა, მცირეოდენი მოტივაციითა და შესაფერისი სამეცადინო მასალების დახმარებით ბლენდერის გაცნობა რამოდენიმე საათიანი ვარჯიშითაც შესაძლებელია.
ეს სახელმძღვანელო დასაწყისისთვის კარგია, თუმცა, იგი ცნობარის როლს უფრო ასრულებს. გარდა ამისა, სპეციალიზირებული ვებსაიტების მიერ შექმნილი ბევრი ონლაინ ვიდეო გაკვეთილი არსებობს.
მიუხედავად იმ ყველაფრისა, რისი გაკეთებაც ბლენდერს შეუძლია, ის მხოლოდ ხელსაწყოა. დიდი ხელოვანები შედევრებს ქმნიან არა ღილაკებზე თითის დაჭერით, ან ფუნჯების მანიპულირებით, არამედ ისეთ საკითხებში გათვითცნობიერებითა და გაწაფვით, როგორებიცაა ადამიანის ანატომია, კომპოზიცია, განათება, ანიმაციის პრინციპები და სხვ.
3-განზომილებიანი გრაფიკის შესაქმნელ პროგრამებს, როგორიცაა ბლენდერი, ახასიათებს დამატებითი ტექნიკური სირთულე და იმ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ჟარგონის ქონა, რომლებსაც ეს პროგრამები ეფუძნება. ტერმინები, როგორებიცაა UV რუკები, მასალები, იერფერები, მეშები და "საბდივები" ციფრული არტისტის სფეროა და მათი თუნდაც ზოგადი გაგება დაგეხმარება ბლენდერის საუკეთესოდ გამოყენებაში.
ასე რომ, განაგრძე ამ სახელმძღვანელოს კითხვა, გაიგე, რა შესანიშნავი ხელსაწყოა ბლენდერი და იყავი გონებაგახსნილი სხვა მხატვრული, თუ ტექნოლოგიური სფეროების მიმართ, და შენც შეძლებ, შესანიშნავი ხელოვანი გახდე.